Tuesday, September 7, 2021

ონლაინრესურსები ინგლისურ ენაში

ინგლისური ენის მასწავლებლები განებივრებულები ვართ სასწავლო რესურსების სიმრავლით, თუმცა პანდემიის პირობებში, როდესაც ონლაინსწავლება ნორმა გახდა, საკლასო ატმოსფეროს შექმნა მხოლოდ რესურსებით ძალიან რთულია. 
გარდა ამისა, ყველა რესურსს ჭირდება მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებთან მისადაგება. 

მეგობრული განწყობის შესაქმნელად და ინგლისური ენის თამაშით სწავლისათვის დისტანციური სწავლებისას საწყის ეტაპზე სასურველია, მოსწავლეებს გავაცნოთ საკუთარი თავი, წარვუდგინოთ ჩვენი ონლაინ საკლასო ოთახი. 
 შეგვიძლია, შინაური ცხოველებიც ჩავრთოთ საქმეში და ისინიც გავაცნოთ. დამერწმუნებით, რომ ჩვენს შინაურ ცხოველებს ხშირად ჩვევიათ დაუკითხავად შემოჭრა ჩვენს გაკვეთილებში. მათი გაცნობის შემდეგ შეიქმნება მეგობრული სასწავლო განწყობა, ბავშვებს გაუჩნდებათ ნდობა, გახალისდებიან და უფრო თამამად ისაუბრებენ ინგლისურად. 

 სასწავლო რესურსებს გასახალისებლად შეგიძლიათ თან დაურთოთ თქვენი ემოჯი-ნახატები, ამისათვის მობილურში ჩამოიწერეთ აპლიკაცია Bitmoji, რომელიც თქვენი ფოტოს საფუძველზე ქმნის თქვენს ემოჯი-ნახატს და უსადაგებს სხვადასხვა სიტუაციებს. (ბმული: Bitmoji )


ონლაინსწავლება ბავშვებისთვის საკმაოდ დამღლელი პროცესია: წარმოიდგინეთ, მათ ყველა საგანი ონლაინ უტარდებათ და მეგობრებთან თამაშის დროც აღარ რჩებათ. ამიტომ, სასურველია სწავლა-სწავლების პროცესში აქტიურად ჩავრთოთ მარტივი და სახალისო ონლაინრესურსები: 

📌 თეთრი დაფა - დაფის გაზიარება ძალიან ახალისებთ ბავშებს. შეუძლიათ, დახატონ ცხოველები, ყვავილები, ფრინველები (რომელთა დასახელებებიც ინგლისურ ენაზე იციან) და ითამაშოთ „გამოცნობანა“, ან დაფაზე დახატოთ ამინდის პროგნოზის ამსახველი მარტივი ნახატი და თხოვოთ მოსწავლეებს, აღწერონ, როგორი ამინდია. თეთრი დაფის გაზიარება შესაძლებელია როგორც zoom-ის, ასევე Microsoft Teams-ის ბაზაზე. მრავალფეროვნებისთვის შეგიძლიათ, გამოიყენოთ  უფრო მულტიფუნქციური Whiteboard .


📌 კარაოკე - მოსწავლეებთან ერთად აარჩიეთ სასურველი ინგლისურენოვანი სიმღერა და დაგეგმეთ კარაოკე-გაკვეთილი. შეგიძლიათ, წინასწარ მოამზადოთ სიმღერის ტექსტი „რებუსების“  დახმარებით.
 მაგ.: sun = ☀️  Here comes the ☀️

   

 📌 eTwinning+  გამოიყენეთ პლატფორმა საქართველოს თუ უცხოეთის სკოლებთან დასაკავშირებლად: მოსწავლეები შეძლებენ ინგლისურ ენაზე კომუნიკაციას თანატოლებთან, რომლებიც სხვა გარემოს ეკუთვნიან. შესაძლოა, თავდაპირველად დაიმორცხვონ, მაგრამ ეტაპობრივად გაიზრდება ინტერესი, გაიმრავალფეროვნებენ ლექსიკას, შესწავლილ სიტყვებს გამოიყენებენ პრაქტიკულად და შეიძენენ მეგობრებს. 

📌წიგნების შექმნა ეხმარება მოხსწავლეებს განივითარონ წერითი, თხრობითი უნარ-ჩვევები და  წარმოსახვითი აზროვნება.  ამ აქტივობისათვის დაგეხმარებათ
 Storyjumper  და  Bookcreator .   ეს რესურსები ერთმანეთისგან განსხვავდებიან შემოთავაზებული მულტიმედიური ინსტრუმენტებით, თუმცა ორივე საკმაოდ მდიდარი და მრავალფეროვანია. მათი აუდიო-ვიზუალური კომპონენტები საკმაოდ ინდივიდუალურია, თუმცა ხანდახან Bookcreator უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა ვიდრე  Storyjumper, რადგან მას ინტეგრირებული აქვს ვიდეოსთან ერთად წიგნში ხატვის ფუნქცია.

 📌 სახალისო და მრავალფეროვანი ტესტები ამცირებს შემაჯამებელი დავალებებით გამოწვეულ შფოთვას და სასწავლო პროცესიც უფრო საინტერესო ხდება. ამისათვის დაგეხმარებათ:

  Kahoot - საკმაოდ მოსახერხებელია დახურულბოლოიანი ტესტური დავალებებისთვის. კაჰუტს აქვს ფუნქცია, ინდივიდუალური მუშაობისთვის, რაც უფრო მოსახერხებელია დისტანციური სწავლების პროცესში.  სამწუხაროდ, ტესტები ღია შეკითხვებით ფასიანია.
შეგიძლიათ მოსწავლეთა გასახალისებლად საქმეში ჩაწეროთ შეკითხვა, რომლის ყველა პასუხიც სწორი იქნება. შემდეგ კი მიუთითოთ წყარო და ტესტის დასრულებისას მოსწავლეებთან ერთად განიხილოთ შეკითხვის წყარო. 

გთავაზობთ შეკითხვის ქართულ ვერსიას:

წყარო შემდგომი განხილვისთვის: https://www.bbc.com/news/world-us-canada-52407177


 Quizizz - ღია შეკითხვებისთვის შესანიშნავი საშუალებაა, მოსწავლეების შედეგების ანალიზისთვის ამომწურავ ცხრილსაც გთავაზობთ. 

Funtrivia - სახალისო ქვიზები და თამაშები.

 Mentimeter - ინტერაქტიური გამოკითხვები, ქვიზები და ა.შ.

 📌მასალის თვალსაჩინო პრეზენტაციისათვის დაგეხმარებათ:

 Prezi - თანამედროვე, მარტივად აღქმადი პრეზენტაციებისთვის საკმაოდ კარგი რესურსია. პრეზენტაციის კომპიუტერში ჩამოტვირთვა ფასიანია, მაგრამ შეგიძლიათ, პრეზენტაცია ონლაინ წარადგინოთ ბმულის საშუალებით. 

 Cram - ფლეშქარდების შესაქმენლად .

 Powtoon - მოკლე ანიმაციების და ვიდეოების შესაქმენლად .

h5p - ინტერაქტიური ვიდეოები.


ნუ შეგეშინდებათ სიახლეების, ბავშვები დიდი ხალისითა და წარმატებით აუღებენ ალღოს თქვენ მიერ შეთავაზებულ რესურსებს.

წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ <3
 

Sunday, January 3, 2021

გარე დაკვირვება: გაკვეთილის გეგმები

ბმული შეგიძლიათ იხილოთ აქ

მასწავლებლური ახალი წელი

 და აი, გვესტუმრა 2021 წელი. 

დასრულდა ჭირ-ვარამით სავსე 2020 და იმედს არ ვკარგავთ, რომ ახალი წელი სიკეთით სავსე იქნება.

ექიმების ჯაფას ვერ მივედარები. ის კი უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან რთული იყო 2020 წელი. ფაქტობრივად, წუთიც არ გვქონდა თავისუფალი.

მთელი წლის განმავლობაში იმდენად მივეჩვიეთ ამოუსუნთქავად მუშაობას, რომ ახალ წელს, მზიან იანვარში, თბილ ოჯახში ვზივარ და ვკითხულობ ანიტა ვულფოლკის წიგნს „განათლების ფსიქოლოგიის“ შესახებ. 

არ ვამბობ, რომ საუკეთესო მასწავლებელი ვარ. მე ვამბობ, რომ პანდემიამ იმდენად ბევრი გამოწვევა გაგვიჩვინა, რო ძველი ცოდნა აღარ არის საკმარისი მათთან გასამკლავებლად. საჭიროა ახალი, მრავალფეროვანი ცოდნით აღჭურვა და გამოცდილების გაზიარება.

საბედნიეროდ, ინგლისური ბრწყინვალედ ვიცი და ნაწილობრივ კიდევ სხვა რამდენიმე ენაც. ამიტომ შემიძლია, თავისუფლად გავეცნო უცხოელების გამოცდილებასაც.

18 იანვრამდე, მეორე სემესტრის დაწყებამდე, დრო ცოტაა, მაგრამ პასუხისმგებლობა დიდია.

ზუსტად ამიტომ, ახალ წელს ვზივარ და გიზიარებთ ჩემს საფიქრალს.

დღეს დილით ერთ-ერთ მულტფილმი გადიოდა ტელევიზორში (მულტფილმის სახელია The Emoji Movie), ემოჯების შესახებ იყო. ხომ იცით ემოჯი 😎😊😉😍 და მულტფილმში თქვეს, რომ ჯერ კიდევ იეროგლიფების დახმარებით გამოხატავდნენ სათქმელს ნახატის დახმარებით. ფაქტობრივად, იეროგლიფები ემოჯის წინაპარია. იქვე, ბავშვებს ავარჯიშებდნენ, გამოეხატათ საკუთარი ემოციები, გუნება-განწყობა ემოჯების დახმარებით.

და ჩემმა გონებამ, ნაცვლად იმისა რომ ცხელი ყავის სმით დამტკბარიყო (მასწავლებლებისთვის ცხელი ყავა იშვიათი ფუფუნებაა, სკოლაში სულ გვიცივდება ხოლმე) მომაწოდა იდეა, რომ ეს მეთოდი ჩემს კლასში დამენერგა. შესაბამისად, დავიწყე ფიქრი, მოვახდინე სასურველი რეალობის ვიზუალიზაცია ჩემს გონებაში და მრავალმხრივ განვავრცე ჩემი იდეა.

ყავა კვლავ გამიცივდა 😂

მოკლედ, ასე გამოიყურება მასწავლებლური ახალი წელი, რომელიც დაუღალავად ცდილობს გაუმკლავდეს არსებულ გამოწვევებს, იმიტომ რომ ბავშვების განათლება დიდი პასუხისმგებლობაა და ეს პასუხისმგებლობა ხშირად ჩრდილავს ახალ წელს.

ბედნიერ,  წარმატებულ  და  სიხარულით  სავსე  2021  წელს  გისურვებთ! ყოველთვის  დაგფასებოდეთ  თქვენი  შრომა  და  ღვაწლი <3 ჯანმრთელობა და მხნეობა  არ  მოგკლებოდეთ <3 

Art by Evgenia Chistotina

Saturday, January 2, 2021

აზროვნების ექვსი ქუდი

❓გაქვთ იდეები პრობლემის გადასაჭრელად და გიჭირთ მათი ორგანიზება?

 ❓გსურთ, თქვენს იდეებს კრიტიკულად შეხედოთ და მეგობრებთან ერთად მოიფიქროთ გამოსავალი? 

 ❓გაინტერესებთ, რა ტექნიკები უნდა გამოიყენოთ კრეატიულად აზროვნებისთვის?

 💡გთავაზობთ ედუარდ დე ბონოს მეთოდს „აზროვნების 6 ქუდი“ პროცესი ასეთია:
 თქვენს გუნდთან ერთად თქვენ გაქვთ 6 სხვადასხვა ფერის ქუდი (🔷ლურჯი, ⚪️ თეთრი,⚫️ შავი, 📗 მწვანე, 🔴 წითელი, 📒 ყვითელი). 

თითოეული ქუდის დახურვისას ვირგებთ როლს, რომელზეც ეს ქუდი მიგვითითებს. როდესაც ვიხდით ამ ქუდს, გამოვდივართ ამ ტიპის აზროვნებიდან. მაგალითად: 

 📘 როდესაც იხურავთ ლურჯ ქუდს, ისახავთ ამოცანებს, განსაზღვრავთ მოსალოდნელ შედეგებს, აყალიბებთ წესებს ან აჯამებთ პროცესს. 
 📕 წითელი ქუდი დაკავშირებულია ინტუიციასა და ემოციებთან. აქ აუცილებელი არ არის რაიმეს დასაბუთება, უბრალოდ, თქვენს გრძნობებსა და წინათგრძნობებს ასახელებთ. 
 📒 ყვითელი ქუდი ოპტიმიზმის გამომხატველია. ამ ფერის ქუდის ქვეშ ვკრებთ საუკეთესო პერსპექტივებს და სარგებელს. 
 📓 შავი ქუდი გამოხატავს კრიტიკასა და სიფრთხილეს. იგი გვიჩვენებს რისკებს და სავარაუდო ზიანს. 
 📗 მწვანე ქუდი გამოხატავს იდეების გენერაციის პროცესს, კრეატიულობასა და შემოქმედებას, არასტანდარტულ და ალტერნატიულ შეხედულებებს. 
 ⚪️ თეთრი ქუდი გვეხმარება, ვფოკუსირდეთ საჭირო ფაქტებსა და ინფორმაციაზე, რომელიც დაგვეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში. 

 📌 როგორც წესი, ლურჯ ქუდს მოირგებენ პროცესის დასაწყისსა და დასასრულში, რომლის დახმარებითაც გეგმავენ ან აჯამებენ აზროვნების პროცესს. 👨‍🏫👩‍🏫 

ფასილიტატორი რჩება ნეიტრალურ მხარედ, რომელიც ატარებს ლურჯ ქუდს და მონაწილეებს საჭიროებისამებრ შეახსენებს გეგმებსა და წესებს. სხვა ქუდების დახურვის თანმიმდევრობა, გამომდინარეობს პრობლემის არსიდან. 

 ✅ მეთოდი გონებრივი იერიშისას საშუალებას გაძლევთ განაცალკევოთ გრძნობები და ემოციები, პრობლემას დაინახავთ სხვადასხვა კუთხიდან და გადაჭრის გზების ძიებაც უფრო გამარტივდება.

ინოვაციური მეთოდები სწავლების პროცესში

 ნებისმიერი მასწავლებლისთვის უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს გამუდმებით შეინარჩუნოს მოსწავლის ყურადღება და ინტერესის საგნისადმნი. ამისათვის კი...